ადამიანის არსებობის მთავარი მომენტი, ხალხურ რწმენაში, დაკავშირებული მრავალგვარ ცრუმორწმუნეობასთან.
მთის რაჭაში ორსული ქალები ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბის, მას განსაკუთრებით წყევლისა ეშინია. ფეხმძიმე ქალი ზოგიერთ საჭმელს არ ჭამს და პირუტყვის დაკვლასაც ვერ ესწრება. მელოგინეს მიწაზე დაგებულ ჩალაზე ან თივაზე აწვენენ. მას ბებია ქალი უვლის, რომელიც იმავე დროს სხვადასხვა ჯადოქრობით და შელოცვებით ცდილობს მშობიარობის შემსუბუქებას. მელოგინეს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამოუდებენ, რომ დაიფაროს ავსულებისაგან. ქმარი მას ჩოხის კალთით მოტანილ წყალს დაალევინებს. შემდეგ სახვნელს (სახნისს) სამჯერ დაშლის და ისე ააწყობს, დასასრულ იმ სახლში შემოდის და მშობიარეს სამჯერ გადაალაჯებს. თუ მშობიარე ძნელად არის, მაშინ მას ასმევენ „დათვის კუდას“ (ამ ბალახის დანაყილ შავ მარცვლებს წყალში ხსნიან). ეძახიან, ვისაც გველ-ბაყაყი გაუშორებია და დახმარებას სთხოვენ. ის მიდის წისქვილში, წყალს გადაუდგებს და იტყვის: „წისქვილს წყალი გადამიგდია, გველ-ბაყაყი გამიყრია, დედა-შვილიც გამიყრიაო“ (სამჯერ) და გამობრუნებისას მელოგინესთან შეივლის.
No comments:
Post a Comment